მამუკა ბახტაძე - საქართველო მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში - როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შვიდწლიანი პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების გამოწვევას ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება და საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება.
„ყველამ კარგად ვიცით, როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეკოლოგიაზე, როგორ ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და მათ კეთილდღეობას, რა მასშტაბის ზარალს აყენებს ეკონომიკას. ცხადია, ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება და შესაბამისად, საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი განსაკუთრებული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკი და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს ჩვენი განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია „კლიმატის მწვანე ფონდისა“ და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის დაწყება, რომლის მიზანია ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება, რათა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება უკეთ იყოს შესაძლებელი.
„კლიმატის ცვლილება დღითი დღე უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა უნდა პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს. ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად წარმოდგენილი გვაქვს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება, ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შესაბამისად, მისი განმარტებით, ახალი პროექტი ამ მიზნების მისაღწევად წინგადადგმული ნაბიჯია.
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებით, საქართველოს მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა.
„ამ პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლიდან საქართველოსთვის ამოქმედდა პარიზის შეთანხმება, რითაც ქვეყანა შეუერთდა გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.
„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ დავეხმაროთ მოსახლეობას და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კომპლექსური თემაა და გარკვეულწილად, დიდი ფინანსური ტვირთის მატარებელი. საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მდგრადი განვითარების მიზნები ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია 2030 წლისთვის, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად უნდა იყოს ჩართული.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამიტომ დღესვე უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა შემდგომ თაობებს შევუქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი მომავალი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისგან. პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება „გაერო-ს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ხელშეწყობით, უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით.