მამუკა ბახტაძე - საქართველო აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის და ყოვლისმომცველი
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე; ის არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის და რაც მთავარია – ყოვლისმომცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას განხილული იყო ყველა საკითხი, რომელზე საუბარიც ვაშინგტონში მისი ვიზიტისას დაიწყო.
„შევეხეთ საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას პრინციპულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ვისაუბრეთ რეგიონულ კონტექსტსა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც უნდა იყოს საქართველოში, რათა ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი. მას აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად სტრატეგიული, კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ.