მამუკა ბახტაძე - საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე უსაფრთხოების სფეროში დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა
უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია.
„ჩვენმა მეგობრობამ დროის ქარტეხილებს გაუძლო, ხოლო ჩვენი კავშირები ბრძოლაში გამობრძმედილია. ავღანეთში ჩვენ გვერდში ვუდგავართ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატო-ს მოკავშირეებს, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი უმსხვილესი წვლილის შემტანი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მებრძოლთა რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს თავსებადობა ნატო-სთან იზრდება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვის სფეროს – შედეგად, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, ასევე აშშ-საქართველოს სხვა ორმხრივი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიების დაცვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.