მამუკა ბახტაძე - საპენსიო რეფორმაზე კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი
ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები.
„ამავე დროს, ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ. ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა, ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძეს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერ-მინისტრს, სწორედ საპენსიო რეფორმას ეხებოდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს არჩევანი და ანალიზი – ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც ის გავა საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან მე არ ვგულისხმობ საბაზისო პენსიას – მიიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს. დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ არის დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგი, თუმცა ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა.
„კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ის ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც – ეგრეთ წოდებულ მესამე სვეტს. ახლა, რაც შეეხება იმას, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის, რაც არ უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი – საინვესტიციო საბჭო შეირჩა და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით. ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ. დიახ, ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიექტური კრიტერიუმებით. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის ჯეიპი მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის სახელი და გვარები, რომლებიც არიან საინვესტიციო ბორდში წარმოდგენილი. თქვენ თვითონ შეაფასეთ რა თამასაზეა საუბარი. მითუმეტეს მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ეს არის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ.
„ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დანია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. შინაარსზე კი ბატონო, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განთავსება. მაგრამ, თითონ ბორდის დაკომპლექტების პროცესი აჩვენებს ჩვენს სულისკვეთებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.