მამუკა ბახტაძე - როგორც არასდროს, მოტივირებული ვართ, გავაკეთოთ მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეთ
მამუკა ბახტაძე - როგორც არასდროს, მოტივირებული ვართ, გავაკეთოთ მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეთ

საქართველო, როგორც არასდროს მოტივირებულია, გააკეთოს უფრო მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეს, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გააკეთა.

პრემიერი ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მამუკა ბახტაძემ დონალდ ტუსკს საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებული ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე. ახალი, მოტივირებული მთავრობის არსებობის პირობებში, ვაპირებთ, უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს იმისთვის, რაც ბრძანა, რომ სრულად უჭერს მხარს ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, რათა პოლიტიკა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მივმართოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შემუშავდება საგზაო რუკა, რომლის მიზანია, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.

„სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთობლივი ინიციატივის სახით შევიმუშავებთ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს პრეზიდენტ ტუსკის მეგობრობას, ევროკავშირის მეგობრობასა და საქართველოსთვის მხარდაჭერას.

„არსებული ურთიერთობების სოლიდური ბაზის პირობებში, ჩვენ ვცდილობთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას და მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ის გუშინვე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.