მამუკა ბახტაძე - რეგიონული მართვის სისტემა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა
რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოტანა რეგიონული პოლიტიკის წარმართვის საკითხში მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად სოზარ სუბარი წარადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა გამოცდილებამ წარმოაჩინა.
პრემიერის შეფასებით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა რეგიონებსა და რეგიონულ მმართველობაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა.
„სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა გამოცდილებამ დაგვანახა. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს რეგიონებში და ზოგადად, რეგიონულ მმართველობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივების უდიდესი ნაწილი სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენაა მიმართული.
„ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისა და იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რათა გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი სუბარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.