მამუკა ბახტაძე - რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი, ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია
რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შსს-ს მოვალეობაა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები.
„შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი არ დგას. პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებული სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს არის სრულიად მიუღებელი. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ერთი მხრივ, ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი ამ აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არსებობს კადრებიც, სადაც გარკვეული პირების მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, ბუნებრივია, ამას სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარენტული გამოძიება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ამ მოვლენებზე პოლიტიკური შეფასება უკვე გაკეთდა და რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში – სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი, რასაც მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები და აუცილებელია, ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ტრანსფარენტობა ამ პროცესის. მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ მასობრივ არეულობაში ორგანიზატორების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სამართალდარღვევა სახეზე იყო, პროკურატურის მოთხოვნით, მათ საპატიმრო ღონისძიება შეეცვალათ. ამჟამად, ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, დღეს საკუთარ სახლში იმყოფება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებით, იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლის სამართლებრივად მონაწილე პირები.
„ისინი, ორგანიზატორებთან ერთად, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, 10 პოლიციელს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე მათგანის საქმიანობაში იკვეთება ნიშნები და კიდევ ერთხელ მსურს, განვაცხადო – ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების პროცესი მაქსიმალურ ტრანსფარენტულობას“, – განახცადა ბახტაძემ.