მამუკა ბახტაძე - ქართველი ერის არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ ქართველ ერზე და არავისზე სხვაზე
ქართველი ერის არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ ქართველ ერზე და არავისზე სხვაზე – ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ ფედერიკა მორეგისთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რომლის კითხვაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების ნეგატიურ განცხადებებს ეხებოდა.
„ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი მეგობრებისთვის წარგვედგინა დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და გულისხმობს ინტეგრაციის გაგრძელებას ევროპულ სტრუქტურებში. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ათი წლის წინ, როდესაც დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის განხორციელება, ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინტეგრაციის პროცესში კონკრეტულ სექტორებზე გახდეს ფოკუსირებული.
„საქართველომ ამას თავი წარმატებით გაართვა, მაგრამ ვფიქრობთ, არის შესაძლებლობა, გაგრძელდეს ინტეგრაცია და გახდეს ფოკუსირებული კონკრეტულ სექტორებზე. ვინაიდან, დღეს დავიწყეთ კონსულტაციები, დეტალებზე საუბარი, შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული საგზაო რუკა დაგვეხმარება, საქართველოში მოვახდინოთ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ავიყვანოთ ჩვენი წარმატება ახალ დონეზე, გავუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა, წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე ძირეული, მათ შორის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებას ეხება. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო განათლების სექტორი. ვფიქრობ, აღნიშნული დოკუმენტი დაგვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირი, როგორ ვითარდება და პროგრესირებს საქართველო ევროპული მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.