მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ძვირი უჯდება გადასახდელის გადამხდელს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა და რა სერვისსაც ღებულობს სახელმწიფო სტრუქტურისგან, რამდენად ხარისხიანი და ადეკვატურია გადახდილ ფასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერისთვის „ევროპული საქართველოს“ მიერ დასმული კითხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილ შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას ეხებოდა. პრემიერს ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დამაზუსტებელი კითხვებიც დაუსვეს.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება შინაარსობრივი განხილვა.
„ვისურვებდი, მომავალში მსგავს საკითხებზე იყოს მსჯელობა და არა იმ იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციებზე, რომელსაც სამწუხაროდ, პირველი ინტერპელაციის დროს ჰქონდა ადგილი. რეალურად, მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადასახადები, რომელსაც გადასახადების გადამხდელები იხდიან, რამდენად ძვირი უჯდება გადასახდელის გადამხდელს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა და მეორე – რა სერვისსაც ის იღებს სახელმწიფო სტრუქტურისგან, რამდენად ხარისხიანი და ადეკვატურია ამ გადახდილ ფასთან. ეს არის ძალიან მარტივი კრიტერიუმები.
რაც შეეხება ირაკლი აბესაძის დამაზუსტებელ შეკითხვას, ბუნებრივია, ყველანაირ ციფრს მოვიტან, რაზეც არის საუბარი, მაგრამ 10 წლის წინ თქვენთვის რომ ვინმეს კითხვა დაესვა, ვერ მისცემდით ფიზიკურად ამას, რადგან ყველა ორგანიზაცია, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ხაზინიდან დაფინანსებას არ იღებდა. შავი ხვრელი რასაც შეიძლება უწოდო, სწორედ იმ მოდელს უნდა უწოდო, რომელიც თქვენ გქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისამართით.
მისი თქმით, ასევე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის „პარტაქტივების“ დასაქმებასთან დაკავშირებითაც.
„რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც არ იყო ეს აღრიცხვა, შესაბამისად, მათი ანალიზიც ძალიან რთული იყო. შარშან იყო ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის. ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ტრანსფარენტულობას, გამჭვირვალობას ზომავს, საქართველო მოხვდა მეხუთე ადგილზე ნორვეგიისა და აშშ-ს გვერდით. ამასთან ერთად, ავიღეთ ვალდებულება, რომ გვექნებოდა ყველაზე ამბიციური ამოცანა, რომ სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო ხარჯი რაც შეიძლება შეგვემცირებინა. ამაზე პოლიტიკური ვალდებულებაც ავიღე და ვთქვი, რომ ეს იქნება 3,9 პროცენტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიბარა ბიუჯეტი, ეს პარამეტრი იყო თითქმის 18 პროცენტი, წელს კი, არის 13,5 პროცენტი.
„რაც შეეხება ციფრს, რომელიც გინდათ, გაიგოთ დღეს, მათ შორის სსიპებ-ის და აიპებ-ის ჩათვლით, რაც თქვენ აღნიშნეთ, 225 000-მდე მოქალაქეა დასაქმებული, მათ შორის პოლიციელები, სამხედროები, პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ადამიანები, ჩვენი მეხანძრეები, მაშველები, ექიმები, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. ყველა სხვა ფუნქცია რომ გამოვყოთ ამ პროფესიებიდან, არის დაახლოებით 30 პროცენტი. შესაბამისად, ამ მაჩვენებლების პირობებში, როდესაც კრიტიკა გვესმის, ეს არ არის ოპონირება, ამ ციფრების შემდეგ ეს სპეკულაციაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ხარისხობრივ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება.
„რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, არის მოცემული მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი მექანიზმი, როგორ ფასდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტურობა. ნორვეგიაც ასე ზომავს, ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და იაპონიაც. შეხედეთ, რა ეფექტიანობა გვაქვს ამ ნაწილში. ეს კი არ არის ვიღაც პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული ექსპერტი, რომ ათას სისულელეს იტყვის. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. ამასთან ერთად, ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იცით, რომ ბაღები გახდა უფასო. გაიზარდა მოთხოვნა და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი საშუალება გვქონდეს ბიუჯეტში, რათა მეტი ავაშენოთ და შესაბამისად მეტი მასწავლებელი დავასაქმოთ, რომელიც დღეს რეალურად დეფიციტია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, რეგიონებში გაიზარდა სასწრაფო დახმარების ფუნქციები.
„მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი, დიახ თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკულ პროფესიებზე, მასწავლებლებზე, პოლიციელებზე, სამხედროებზე, დიახ, ბიუჯეტი გაიზრდება. გაუმჯობესდება მათი სოციალური პირობები. ეს არის კრიტიკული პროფესიები, რომლის მხრებზეც დგას ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტულად როგორ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანებისთვის ეს პირობები, რა გავაკეთოთ უკეთესად, რა რეფორმები გვაქვს გასატარებელი, მიდიხართ იმ ციფრებამდე, რომელიც წარმოდგენილია“, – მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ირაკლი აბესაძეს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ხარჯები ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთი.
„ბოლოს მინდა, ყველაზე მტკივნეულს შევეხო და ეს არის სიღარიბე. ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც ვისურვებდი, რომ ყველაზე მწვავე კითხვები ისმოდეს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართ. რადგან ეს საერთო გამოწვევა და საერთო მტერია. ის უნდა იქნას დაძლეული. ამის მაგივრად ვისმენთ იმას, რაც მოვისმინეთ 20 წუთის წინ. უყურეთ, რა ჩავიბარეთ თქვენგან, რა სიღარიბის ნიშნული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, სიღარიბე არის ყველაზე დიდი პრობლემა და იმაზე უნდა იყოს საუბარი, როგორ უნდა დაიძლიოს ის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაზე კონკრეტული პროექტებიც არის წარმოდგენილი.
„ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს: პირველი – წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე; მეორე – წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ, მესამე – ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში. შემდეგ იქნება თქვენგან იგივე სიტყვები, რაც თქვით გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ ყველაფერი, მათ შორის ვალების ჩამოწერაც კეთდება მხოლოდ არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებთ, შეგიძლიათ, მოამზადოთ წინადადებები, როგორ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას ამისთვის“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ ოპონენტებს.
მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სამ ფუნდამენტურ საკითხს ქვეყნისთვის.
„ეს იქნება წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და ის, რომ თითოეულ ქართველ ღარიბ ოჯახს, რომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება და არ მიყვარს ამ ციფრებით სპეკულირება, ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი ოკუპაციასთან ერთად ჩვენთვის, არასდროს არ იქნება საკვების პრობლემა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.