მამუკა ბახტაძე - ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება.
უცხოური ინვესტიციების მიხედვით ლიდერი ეკონომიკის სექტორში ტრანსპორტი და კომუნიკაციებია, სადაც ინვესტიციებმა 178 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი, შეადგინა. მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორში და მრეწველობაში.