მამუკა ბახტაძე - პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობს ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვის პროცესი
პარტიაში, ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„პარტიაში, ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარი არის ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, ამას ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ პარტიაში ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. სოზარ სუბარზე აქცენტი იმიტომ გავაკეთე, რომ ყველას კარგად გაეგო რომ პარტიაში ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველა ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ დაკავებულია ამ საკითხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს, ბახტაძის განცხადებით, ეს არის ცალკე მიმართულება, რომელსაც ვითარდება და შედის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.
„ჩვენ ამ პლატფორმას ვაყალიბებთ სტრატეგიული კომუნიკაციების. ამაში მეგობარი ქვეყნები გვეხმარებიან და პარტიულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სტრატეგიული კომუნიკაციები არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც დგას ზოგადად ქვეყნის წინაშე, საინფორმაციო შეტევისგან, რომლიც შეიძლება ჩვენს მიმართ განხორციელდეს და რომელიც ხორციელდებოდა არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.