მამუკა ბახტაძე - ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას
2020 წლის არჩევნებისთვის გვაქვს შემუშავებული პროგრამა, რომლითაც „ქართული ოცნება“ წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სწორად და ადეკვატურად პასუხობს ყველა მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას.
„ოპოზიციის ნაწილი არამარტო ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას აწარმოებენ, არამედ ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასაც განაგრძობენ, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ კანონის წინაშე ვართ ყველა თანაბარი. ბუნებრივია, მე უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, შინაარსობრივ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამ საქმეებზე, მაგრამ რაც შემიძლია განვაცხადო, ეს არის რომ კანონი არის უზენაესი, კანონის წინაშე ვართ ყველა თანასწორი და შესაბამისად, კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. რაც შეეხება 2020-ის არჩევნებს, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს შემუშავებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან სწორად და ადეკვატურად პასუხობს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.