მამუკა ბახტაძე ოპოზიციას - თქვენ ისეთი მთავრობა გინდათ, როგორც მაშინ გყავდათ, როცა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს იბარებდნენ და აკეთებინებდნენ, რაც უნდოდათ
თქვენ ისეთი მთავრობა გინდათ, როგორც მაშინ გყავდათ, როცა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს იბარებდნენ და აკეთებინებდნენ რაც უნდოდათ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით.
პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა დაწესებული რეგულაციები და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციების გარკვეულ ნაწილს გადახედავს.
“კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თუ არ გინდათ რომ გაიგოთ. პირველი – დაწესდა მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო განაკვეთზე – 50-პროცენტიანი ეფექტური ზღვარი. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენს მიერ დატოვებული 700-800 პროცენტიანი სესხები არ ყოფილიყო. მეორე იყო ჯარიმებზე მაქსიმალური ზღვარი. შემდეგი იყო ეროვნული ბანკის რეგულაციები. თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ეროვნული ბანკის ხელმღვანელი დავიბაროთ და ისევე მოვექცეთ, როგორც თქვენ ექცეოდით ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი ჩვენთვის არის თავისუფალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა განცხადებაც გააკეთა, რომ ხუთი თვის შედეგებს რომ მიიღებს, შესაბამისად იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში გადახედავს. ვადასტურებ, რომ ეკონომიკა არის ცოცხალი ორგანიზმი და როგორც ვითარდება, იმის მიხედვით უნდა ხდებოდეს მასში კორექტირების შეტანა პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ეროვნული ბანკის გადასაწყვეტი საკითხი. ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ამ გეზს ჩვენ არ გადავუხვევთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.