მამუკა ბახტაძე - ოპონენტებმა დღეს თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა, მათ სურთ თქვან, რომ ახლოვდება აპოკალიფსი
ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა, სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და იმისა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სიღარიბე დაძლევაზეა ფოკუსირებული.
„ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა და სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და იმისა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი. ვინაიდან ფიზიკურად ვერ შევძლებ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემას, პასუხებს აუცილებლად მიიღებთ ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან. ქალბატონო სალომე (სალომე სამადაშვილი), თქვენ დიპლომატი ბრძანდებით და უნდა გესმოდეთ, რომ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გამოცემებში – „გლობალ ფაინენსი“ 2019 წლის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს აქვს ლიდერის პოზიცია და უსწრებს ევროპულ ქვეყნებს. 300-ზე მეტ ქალაქს შორის თბილისი მე-15 ადგილზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, არავინ ამტკიცებ, რომ პრობლემები არ არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი.
„იმის მაგივრად, რომ იყოს სერიოზული პოზიცია, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. მზად ვართ, გავითვალისწინოთ კონკრეტული პოზიციები. საქართველოს ჰყავს ორ იმტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, სიღარიბე დავძლიოთ. თურმე, საქართველოში ბიზნესს ატერორებენ, თუ ეს ასეა ქალბატონო სალომე, „დუინგ ბიზნესში“ საქართველო მსოფლიოში მექვსე ადგილზე როგორ არის, თუ იმის განცდა გაქვთ, რომ მსოფლიო ბანკში ჩავაწყვეთ ეს? „ფიტჩმა“ გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ეს კარგია თუ ცუდი ბატონო გიგა? (გიგა ბოკერია) ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს წვდომა ექნებათ იაფ კრედიტზე. იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, სადაც დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.