მამუკა ბახტაძე - ნურავის ეგონება, რომ ჭარბვალიანობის  პრობლემის გადაჭრისა და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დადგენისთვის ვინმე უკან დაიხევს 
მამუკა ბახტაძე - ნურავის ეგონება, რომ ჭარბვალიანობის  პრობლემის გადაჭრისა და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დადგენისთვის ვინმე უკან დაიხევს 

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ნურავის ეგონება, რომ იმ რეფორმის გატარებაში, რაც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრინციპულ გადაჭრასა და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დადგენას, ვინმე უკან დაიხევს, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად, ძალიან პრინციპულად, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში საზოგადოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ შეიტყობს, რომელიც საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას ეხება.

მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტოს ის, რომ ქართველ ოჯახებს და მოსახლეობას უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ საქართველოში გარკვეულწილად მეწარმეობის სურვილისა და მეწარმეობის პოტენციალის შემცირება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ეს არის ცალკე რეფორმა, ამას ჭირდება ცალკე სამართლებრივი პაკეტი და საგადასახადო ინიციატივის მომზადება. ჭარბვალიანობა არის სხვა მიმართულება და სხვა სამართლებრივი მექანიზმებია გამოსაყენებელი. საბოლოო ჯამში, ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში სიღარიბის დამარცხებას. შესაბამისად, ეს რეფორმები ერთმანეთთან დაკავშირებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, მეორე პრობლემა არის ის, რომ ეს მეწარმეობის პოტენციალს ამცირებს. დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა არის ე.წ. შავ სიაში და აქედან გამომდინარე მათ შეზღუდული წვდომა აქვთ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ჩვენ ძალიან მცირე ბაზარი ვართ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან დ გამომდინარე, ზემოდან ემატება, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აქვს წვდომა, რომ მათ ბიზნესი განავითარონ, თავიანთ ოჯახები შეინახონ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელსაც ჩვენ ვებრძვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.