მამუკა ბახტაძე „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ - ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე ფოკუსი ვერ გამოცვალეთ
2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას.
„თავი დაანებეთ თქვენს პოლიტიკურ ნარატივში „თიბისი ბანკზე“ ამ კუთხით საკითხის დაყენებას. აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევაზე. რამდენჯერაც მქონდა სურვილი, ვისაუბრო დღევანდელ პრობლემაზე და მომავალში რა არის გასაკეთებელი, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში, რადგან ქვეყანა გინდათ წაიყვანოთ წარსულში. ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუ ბანკზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მე მესმის, რომ ყველანაირად ცდილობთ, ყველა საქმე, რაც საქართველოშია, რაც საქართველოს გარეთაა, გლობალურად არის, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, მარტივია ეს ყველაფერი. 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება ამ საქმეს, გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.