მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებაში დისონანსის და არასტაბილურობის განცდის შემოტანას, რაც არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა
ის, რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის – თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო მიუღებელი სურათი, რამაც გულწრფელი პროტესტი გამოიწვია.
„ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრთან. თავდაპირველად პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით დაიწყო. საქართველოში ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას.
მთელი შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, შემოეტანა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში და მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.