მამუკა ბახტაძე - მსოფლიო ბანკი ახალი აბრეშუმის გზის იდეის განხორციელებაში საკუთარი მონაწილეობის გაზრდას გეგმავს
მსოფლიო ბანკი ახალი აბრეშუმის გზის იდეის განხორციელებაში საკუთარი მონაწილეობის გაზრდას გეგმავს. როგორ და რა ფინანსური მექანიზმებით ჩაერთვება პროცესში მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
სწორედ ამ თემისა და ზოგადად, ახალი აბრეშუმის გზის იდეის გარშემო შედგა მაღალი დონის დისკუსია ვაშინგტონში, რომელიც მსოფლიო ბანკის ორგანიზებით მოეწყო და მასში ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. მამუკა ბახტაძე ამ ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო.
“ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ამასთან ერთად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება მეტი კერძო ინვესტიცია იყოს მოზიდული ამ ძალიან დიდ იდეაში.
სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში, შესაბამისად ეს შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მსოფლიო ბანკის ჯგუფში რამდენიმე ფინანსური ორგანიზაცია შედის, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ბანკი გეგმავს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ფარგლებში თავისი მონაწილეობის გაზრდას და ალბათ უახლოეს მომავალში ჩენ გვეცოდინება ის ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ისინი ჩაერთევბიან ამ სფეროში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ პირველ არხთან საუბრისას.
ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.