მიწის რეგისტრაციის პროცედურები რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა და მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა ღონისძიებაზე აღნიშნა, წლების განმავლობაში მიწების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა იყო მოქალაქეებისთვის და „ქართული ოცნების“ გუნდმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგა.
„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ის გუნდი, რომელმაც დაიწყო ქმედითი და აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა. რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის პირველი აგვისტოდან დავიწყეთ და დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, ისარგებლა ამ რეფორმით. დღეის მდგომარეობით, უკვე ფაქტიურად აღმოფხვრილია ყველას სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან, გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ძალიან ხშირად ექმნებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ამავე დროს, ვახალისებთ ამ პროცედურას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მესაკუთრის უფლებების დაცვა იყო.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, გახლავთ ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ეს არის მთავარი იდეა ამ რეფორმის, რომელიც ახალ სტანდარტებს აწესებს და ხდება მიწის მესაკუთრის უფლებების სრულფასოვანი დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმის შედეგად მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისებით.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით.
„2016 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 607 000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მან რეფორმის განხორციელების პროცესში ბლოკჩეინ სისტემის გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა და ყველა სამინისტროს მოუწოდა, რეფორმების განხორციელებისას თამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 2017 წელს სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია სახელმწიფო სექტორში, სახელმწიფო სერვისებში და სწორედ მიწის რეგისტრაციის რეფორმა გახლდათ საპილოტე პროექტი, სადაც დავნერგეთ ბლოკჩეინის ტექნოლოგია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაციური მიდგომების გამოყენება რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბლოკჩეინის სისტემა კი, მონაცემების მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს.
„ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ ამ სისტემაში შენახული მონაცემების წაშლა, შეცვლა, კორექტირება, გადაწერა ან მისი უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს ფაქტიურად უმაღლეს ნიშნულზე აყენებს. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და მოწოდებაა თითოეული სამინისტროს მიმართ, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იყოს მსგავსი ტექნოლოგიები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რეფორმის განხორციელებაში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდა და მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის მართლაც 24 საათიანი დაუღალავი შრომა გასწია: საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომლის ძალისხმევის გარეშეც ეს რეფორმა ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, კვლავ რჩება ხარვეზები და მოქალაქეების დიდ ნაწილს ჯერაც დასარეგისტრირებელი აქვს საკუთრება. ამიტომაც საჭიროა, უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია და ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია, ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს თავისი ისტორიული საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად, გვჭირდება უფრო აქტიური კამპანიების წარმოება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ რეფორმაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მოქალაქეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი რეფორმის ამოქმედებიდან ხუთჯერ არის გაზრდილი.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დინამიკა რეფორმაში არის მაღალი და იუსტიციის სამინისტრო სხვა სამინისტროებთან ერთად, ჩაატარებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩართულობის კოეფიციენტი, რათა რეფორმა დავასრულოთ ძალიან წარმატებით“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმა ე.წ. საექსპორტო რეფორმაა.
„ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია ე.წ. საექსპორტო რეფორმად, ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანა გვეკითხება და გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას რეფორმებში, რომელიც წარმატებით დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი რომელსაც ვპასუხობ, გახლავთ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული იქნება შემდეგი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძებას მთავრობის წევრებიც დაესწრენენ.