მამუკა ბახტაძე მოუწოდებს მეწარმეებს, მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ დღგ-ის გამარტივებულად დაბრუნების ინიციატივაში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მეწარმეები დღგ-ის ზედმეტობის გამარტივებული რეჟიმში დაბრუნების პროცედურის ამოქმედების შემდეგ, ოთხჯერ არის გაზრდილი მეწარმეთა მხრიდან განცხადებების რაოდენობა.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ სისტემის ამოქმედებიდან ჯერ მოკლე პერიოდია გასული, აქტივობა ძალიან მაღლია.
„ჯერ ძალიან პატარა პერიოდია გასული, თუმცა მინდა ქართველ მეწარმეებს მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის. ჩვენ ძალიან მაღალ აქტივობას ვადევნებთ თვალ-ყურს, დაახლოებით ოთხჯერ არის გაზრდილი განაცხადების რაოდენობა და ძალიან გვიხარია, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურობს ამ თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა არის ძალიან კარგი და მინდა მოვუწოდო ქართველ მეწარმეებს, მაქსიმალურად აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ინიციატივაში“, – განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვა მიმდინარე კვირიდან დაიწყო.
ის კომპანიები, რომლებიც დღგ-ს დაბრუნებისთვის ყველა ძირითად პარამეტრებს აკმაყოფილებენ, დღგ-ს დაბრუნებას 5-დღიან ვადაში შეძლებენ, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, ფინანსთა სამინისტრო 14-დღიან ვადას სთავაზობს.