მამუკა ბახტაძე - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია, თუ კანონს დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს
მამუკა ბახტაძე - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია, თუ კანონს დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია, თუ კანონს დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აჭარის პროკურატურის მიერ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ.

„კანონი არის უზენაესი. მნიშვნელობა არა აქვს რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია, თუ კანონს დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, მაგრამ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. მე რასაც გპირდებით, ეს არის, რომ გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ და საზოგადოებას ყოველთვის მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანტიკორუფციული საქმიანობა და კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია.

„გარანტია ამ ქვეყანაში არავის ექნება, თუ ის დაარღვევს კანონს. უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და შესაბამისად არსებობს საგამოძიებო პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს მუდმივი პროცესი და ამას ვაკეთებთ. ამას წინათ დამისვეს კითხვა, რომ სტატისტიკა არის გაზრდილი. გიდასტურებთ, სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ვიღაცას ხელი წასცდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.