მამუკა ბახტაძე - მინისტრების გვარებს შეიტყობთ, როდესაც პარლამენტში წარვდგებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ განახლებული მთავრობის წევრების ვინაობა პარლამენტში განახლებული სამთავრობო გუნდის წარდგენის დროს გახდება ცნობილი.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დასრულდა კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე, ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და პარლამენტს გადაეგზავნა განსახილველად.
„იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშვეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კითხვაზე, მთავრობის გუშინდელ სხდომას რატომ არ ესწრებოდა ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტრთა გარკვეული ნაწილი შვებულებაშია.
„მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.