მამუკა ბახტაძე - მინდა, ამ ტრიბუნიდან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი
დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს – საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს ტრიბუნიდან გააკეთა.
გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საუკუნოვან საერთო ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომავალს საფუძვლად უნდა დაედოს და ეს მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.
მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებას და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი.
აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.