მამუკა ბახტაძე - მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკაა
მამუკა ბახტაძე - მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკაა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტი რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას გულისხმობს, ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  მოამზადა.

„ჩვენი ამოცანაა, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. გადასახადებს ხუთჯერ შევამცირებთ, მცირე მეწარმეებისთვის ჩამოვალთ 5%-დან 1%-იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც 5-ჯერ გაზრდაა არსებული 100 ათასი ნიშნულისა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ახალი ტალღის ნაწილია და მას  სხვა ახალი საგადასახადო ინიციატივებიც მოჰყვება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება.  მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს. გარდა ამისა, 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა.