მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დაისჯება
მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
„როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის და შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი მომზადდა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება .
იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოების ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი საშუალება ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები იქნან დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან.
კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამავე დროს, მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული რეგულაცია შეეხებათ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
„მოზარდების მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, დაისჯებიან აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მარიხუანას გასაღება კვლავ რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და არის დასჯადი.
რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება.
„რეგულაციის ნაწილია, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.