მამუკა ბახტაძე - მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და პარტიაში გამოცდილებას გვიზიარებს
მამუკა ბახტაძე - მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და პარტიაში გამოცდილებას გვიზიარებს

მაია მიმინოშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გამოცდილებას გვიზიარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის განახლება და ახალი სახეები ბუნებრივი პროცესია.

„ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი პარტიის განახლების, ამას მხოლოდ მივესალმები. ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც ობიექტურად მას აქვს. რაც შეეხება პარტიის განახლებას და ახალ სახეებს, ეს არის სულ სხვა თემა და ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი“,- განცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მაია მიმინოშვილი თუ პროფესიონალი იყო, რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ არსებობს ახალი მისწრაფებები, ახალი მიზნები და აქედან გამომდინარე, სამინისტრო შესაბამის საკადრო პოლიტიკას ახორციელებს და ამ ორ საკითხს ერთამენთთან კავშირი არ აქვს.

ჟურნალისტებმა ბახტაძეს იმ ექსპერტების ვინაობა ჰკითხეს, ვინც მიმინოშვილთან ერთად კადრების გადამზადებაში არიან ჩართული.

„სხვა ადამიანების შესახებ, ვინც კადრების დატრენინგებასა და გადამზადებაში გვეხმარება, პარტია მოგაწვდით ინფორმაციას, ამაში დასამალი არაფერია. რაც შეეხება ქალბატონ მაიას მოღვაწეობას, მაია რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ცენტრს, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სერიოზული ფუნდამენტი შექმნა იმისთვის, რომ ეს ცენტრი გამხდარიყო ძალიან წარმატებული. ამასთან ერთად, არსებობს ახალი მისწრაფებები, ახალი მიზნები და აქედან გამომდინარე, სამინისტროც ახორციელებს თავის შესაბამის საკადრო პოლიტიკას და ამ ორ საკითხს ერთამენთთან ნამდვილად კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე.

„ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს საინტერესო ადამიანების, მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მიზიდვაზე და ბუნებრივი, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას გავაკეთებთ, საზოგადოებაც ამას აუცილებლად დაინახავს“,- განცხადა მამუკა ბახტაძემ.