მამუკა ბახტაძე - ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს
ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, – ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.
„2013 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები. ეს სერვისები ფინანსური ბარიერების გამო, მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი. 2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50 პროცენტიან ფასდაკლებას, რის შემთხვევაშიც ეს ფასდაკლება 80 პროცენტამდეც გაიზარდა. 3 სექტემბრიდან ფასადაკლებით სარგებლობენ ასაკით პენსიონერი და შშმ პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი, აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად.
გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მოსახლეობისთვის მიიღო გადაწყვეტილება, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50 პროცენტამდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხსს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ პროგრამა უახლოეს პერიოდში აუცილებლად განაგრძობს გაფართოებას და იგი უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი.
„ვიცით, რომ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტის შეძენაზე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც შევპირდი მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა ეს ხარჯი მოსახლეობისთვის გახდეს მინიმალური, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც უჭირს და არის სოციალურად დაუცველი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.