მამუკა ბახტაძე - ისეთი ტენდენციები გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ლარი თავის მყარ ნიშნულს აუცილებლად დაუბრუნდება
ისეთი ტენდენციები გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ლარი თავის მყარ ნიშნულს აუცილებლად დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ინტერვენციის გარეშე ლარის კურსის დასტაბილურება და გამართლებული იყო თუ არა ინტერვენცია, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკს თავისი პოზიცია ჰქონდა, რაზეც განმარტება გააკეთა.
„ინტერვენციას არსებობის უფლება აქვს. ჩვენ ვართ მცირე ზომის ღია ეკონომიკა და გასაუმჯობესებელი გვაქვს ეროვნული ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს მოწყვლადი ვალუტის კურსის ცვლილებებისადმი. ეს სრულიად მიუღებელია. ამ თვალსაზრისით ეკონომიკური სტრუქტურა და მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მძიმეა. დოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი იყო. განსაკუთრებით ეს ფიზიკური პირების, მათშორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას ეხებოდა. ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯები. ყველა ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს არ არის საკითხი, რომელსაც პოლიტიკური ანგაჟირება სჭირდება. ეს ძალიან მარტივი მაკროეკონომიკური საკითხია, რომ საქართველოში მოსახლეობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც შემოსავალს ლარში ღებულობს, მათი საკრედიტო რესურსი ლარში უნდა იყოს. ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. ამ თვალსაზრისით კრედიტები, რომელიც ლარში გაიცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქ კითხვა ძალიან ობიექტურია, რომ როგორ უნდა უზრუნველყოთ ჩვენ ის, რომ ლარში გაცემული სესხების პროცენტი იყოს იგივე ან მიახლოებული იმ პროცენტებთან, რომელიც არის უცხოურ ვალუტაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს სხვაობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. იპოთეკურ ბაზარზე ლარში შვიდპროცენტიანი სესხები გამოჩნდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მცირე ზომის ქვეყანაა, შესაბამისად, გარედან მომდინარე ნებისმიერი შოკის ალბათობა არის ძალიან მაღალი.
„ვიდრე საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ბოლომდე ინტეგრირება მოხდება თავისი ყველაზე ეფექტური მექანიზმებით, ჩვენ ასეთი რისკების მიმართ მოწყვლადი დავრჩებით. აქედან გამომდინარე, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ამისთვის ჩვენ კაპიტალის ბაზრის განვითარება გვჭირდება. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც თურქეთში დაიწყო ანალოგიური პროცესები, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამ სიტუაციის მიმართ მომზადებულნი აღმოვჩნდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსზე გავლენა იქონია არასტაბილურობის განცდამ და იმან, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ქულების ჩაწერას ცდილობენ.
„20 ივნისის ძალიან მძიმე და მტკივნეულმა მოვლენებმა, როდესაც პარლამენტზე შტურმი განხორციელდა, შექმნა ნეგატიური განცდები. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამას არ ჰქონია ასახვა ქართულ ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ჰქონდა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ძალიან ლოგიკურია. ასახვა ჰქონდა იმას, რომ პირდაპირი რეისები რუსეთიდან აღარ არის, საიდანაც საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტებიც მოდიოდნენ. ეს მოცემულობაა. მგონი, ბოლო ორმა დღემ დაადასტურა, რომ ეს საინფორმაციო ველი იმდენად ნეგატივით იყო დატვირთული, რომ ამან იმოქმედა ლარის კურსზე და ჩვენ მივიღეთ ზედმეტად გაუფასურებული ლარი. ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის. ეს არის პოზიცია ფაქტობრივად ყველა უწყების, მათშორის, კომერციული ბანკების“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.