მამუკა ბახტაძე - ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში
ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებისთანავე შედგა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც მან გუნდის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.
„მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ეს იყო ზუსტი ქრონოლოგია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.