მამუკა ბახტაძე - ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სრულად პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებს
სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ 100 პროცენტით პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია სამშვიდობო პოლიტიკაზე, ხიდების მშენებლობაზე, ინტეგრაციასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.
„ეს სამშვიდობო პროგრამა 100 პროცენტით პასუხობს ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ და შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. ჩვენ გვჭირდება, ამ ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ელემენტარულ სამეწარმეო საქმიანობაზე, რომ შეძლონ თავიანთი ოჯახების გამოკვება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გვჭირდება მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვახდენთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.