მამუკა ბახტაძე გიგა ბოკერიას - საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა ის იყო, შსს-ს რომ ჰქონდა ბალანსზე სათბურები და მინისტრი იყო პასუხისმგებელი მის განვითარებაზე
საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა ის იყო, შსს-ს რომ ჰქონდა ბალანსზე სათბურები და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო პასუხისმგებელი სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაღაც ასეთი განცდა გაქვთ და შფოთავთ, რომ ჩვენ ეკონომიკაში მეტად ჩავერევით. მოდით, განვმარტავ. ჩვენ, ბატონო გიგა, არასოდეს ჩავერევით საბაზრო ეკონომიკაში. თუმცა, განვმარტოთ, რა არის ჩარევა. თქვენ იცით, რომ მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი და ვარ ორიენტირებული მომავალზე, მაგრამ თქვენი შეკითხვის შინაარსი მიდის წარსულში და მე თქვენს პოლიტიკურ გუნდს ეს ვუთხარი. საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რომ ჰქონდა სათბურები და შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო პასუხისმგებელი სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე. ეს იყო საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა.
თქვენ თუ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევას უწოდებთ იმას, რომ ჩვენი 630 ათასი მოქალაქე არის შავ სიაში, მათ შორის ჭარბვალიანობის გამო, იმის გამო, რომ ადამიანს ჰქონდა 1000-ლარიანი სესხი, საიდანაც 200 ლარი ჰქონდა გადასახდელი და ამის გამო 1000 ლარიდან აჯარიმებდნენ, ან ადამიანს, რომელსაც კომპიუტერისთვის ჰქონდა უზრუნველყოფილი სესხი და ამის გამო შეიძლებოდა სახლი დაეკარგა, ეს არის თაღლითობა და ამაში აუცილებლად ჩავერევით, ამას გპირდებით“, – განაცხადა პრემიერმა.