მამუკა ბახტაძე - გასულ წელს ეკონომიკა თითქმის ხუთი პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე, ჩვენს სამეზობლოში
მამუკა ბახტაძე - გასულ წელს ეკონომიკა თითქმის ხუთი პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე, ჩვენს სამეზობლოში

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის ხუთი პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ჩვენს სამეზობლოში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში ლიდერი ქვეყანა იქნება.

„გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის 5 პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. გახდეს საქართველო რეგიონალური ცენტრი, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სტრატეგიაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ამას უკვე აქვს პოზიტიური შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, როდესაც საუბრობთ ეკონომიკური ზრდაზე, რამდენად ახდენს ევროკავშირთან, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გავლენას თქვენს ეკონომიკაზე, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა:

„საქართველოს ეკონომიკა არ არის დიდი. ასე რომ, ჩვენი მთავარი მიზანია, მოხდეს საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკასთან ყველაზე ეფექტური გზით. თუ ნახავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2017 წლის მონაცემებს, ყველაზე მაღალი იყო. ჩვენ გვაქვს იგივე დღის წესრიგი ამ და მომავალი წლებისთვისაც, რომ გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად. ისტორიულად ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ დასავლური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მთავარ ენერგო პროექტებში. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში, როგორიცაა მაგალითად ფინანსური მომსახურება, ლოჯისტიკა, ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამერიკული, ევროპული და ასევე აზიური კომპანიებიდან. მინდა აღვნიშნო, ანაკლიის პროექტი, რომელიც რეგიონში მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობაში რა გეგმები აქვთ, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საჰაერო გზის გარდა, არის ძალიან ეფექტური გზა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის კასპიის ზღვის გავლით, ბორნების გამოყენებით და ბევრი სხვა სახის ტრანსპორტით.

“საქართველო არის „ერთი სარტყელი – ერთი გზა ინიციატივის“ მთავარი პარტნიორი. საქართველო არის კარიბჭე იმ რვა ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ჩვენ ვართ უმოკლესი დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის. ინფრასტრუქტურა, რომელსაც ვავითარებთ საქართველოში, არ ემსახურება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მოთხოვნებს, ჩვენ უფრო ფართო რეგიონზე ვსაუბრობთ, რომელიც მოიცავს ჩინეთს. თუ შეხედავთ ჩინეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის დონეს, ის თითქმის 30 მილიარდი დოლარია და ჩვენ ვართ უმოკლესი გზა, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ვაჭრობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.