მამუკა ბახტაძე - განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბესა და ოკუპაციას
მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლება არის ერთადერთი გარანტი, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ.
„კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბური გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან განმარტა, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.
„ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, თუმცა როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასე არ მოხდა.
„მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ ამ კანონპროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას – მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდეა თითოეულ მოქალაქეს უნდა აერთიანებდეს.