მამუკა ბახტაძე გაერო-ს ტრიბუნიდან „თბილისის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
მინდა, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ „თბილისის ფორუმის“ ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია – გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების სივრცედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველომ სწორედ ამ ტრიბუნიდან შესთავაზა მსოფლიოს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარება საქართველოში და ეს ფორუმი არა მარტო რეალობად იქცა, არამედ ამით საქართველომ დაიბრუნა ისტორიული როლი აბრეშუმის გზის დიდ რეგიონში.
„ჩვენი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფია, სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის მიმზიდველ ადგილად ხდიდა. ჩვენ დღესაც ვასრულებთ ამ ფუნქციას და ვახორციელებთ ამბიციურ და საპასუხისმგებლო პროექტებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.