მამუკა ბახტაძე - ფოკუსირებული ვართ, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი შევქმნათ
მთლიანად ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი კონფერენციის გამართვა საქართველოში „ქართული ოცნების“, ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარტიის, აღიარებაა ისეთი გაერთიანების მიერ, როგორიცაა „პროგრესული ალიანსი“, რომელიც მსოფლიოს პროგრესულ პარტიებს აერთიანებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატშიც დგას იმ გაერთიანების გვერდით, რომელშიც მსოფლიოს 120-მდე წამყვანი პოლიტიკური პარტია შედის.
„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული პარტიისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ერთად განვიხილავთ გლობალურ დღის წესრიგსა და ყველა გამოწვევას, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და მსოფლიო დგას. ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია რაციონალური ხედვა და ერთიანობა. სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება, მეტად მტკიცდება საერთო პოზიციები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს და მთავარი ამოცანაა, რომ განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.
„ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ რეფორმის შედეგად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. განათლება უნდა მოვარგოთ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და პროფესიონალები გლობალურ შრომით ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ციფრული ეპოქა გარკვეულ პროფესიებში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ამავე დროს, აუცილებლად იქნება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე.
„მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რომ მხოლოდ კიბერ უსაფრთხოების დარგში უკვე დღეს მსოფლიოში არის დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობენ სპეციალისტები. სწორედ ასეთ პროფესიებზე და ასეთ შესაძლებლობებზე იქნება მორგებული ჩვენი განათლების რეფორმაც. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ინკლუზიური ზრდა ნიშნავს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში. ვფიქრობ, რომ ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ამის უნიკალურ საშუალებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლაში საქართველოს ევროპულ არჩევანსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ ადგას დემოკრატიისა და დიდი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას და ამ გზაზე საქართველოს ზურგს უმაგრებს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა.
„არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას – ჩვენთვის ევროპული ოჯახი ეს არ გახლავთ პოლიტიკური, ან გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ის ოჯახი, ის სივრცე, სადაც ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოებრიობა და სადაც ჩვენ შევიტანეთ საერთო ცივილიზაციის შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. შესაბამისად, სწორედ ევროპა და ევროკავშირი გახლავთ ის ერთადერთი ოჯახი, სადაც საქართველო შეიძლება დაბრუნდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა იმ ძირითად საკითხებში, რომლებიც უცილებელია საქართველოს წინსვლისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და საქართველოს მთავარი მიზნის – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის.
„ჩვენ ძალიან მტკიცე ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისათვის საქართველოში და ხშირ შემთხვევაში, ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ. ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ის უნიკალური შემთხვევა, რომელიც გვქონდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველო მოხვდა საუკეთესო ხუთ ქვეყანას შორის, რომლის საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა არის საუკეთესო. საუკეთესო ხუთეული – სწორედ ასეთი ამბიციური მიზნები გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გამჭვირვალობას, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას.