მამუკა ბახტაძე - მომავალში ევროსაბჭოსთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას ველით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივ შეხვედრზე გენერალურ მდივანს ორმხრივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობას, ასევე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტობას, რაც მამუკა ბახტაძის განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
ასევე, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებსა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობასაც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და იქ არსებულ ვითარებაზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების ხელყოფა საშიშ ტენდენციად იქცა ოკუპირებულ რეგიონებში, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ადგილზე არსებობის მნიშვნელობას. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშისთვის და საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ველით ევროსაბჭოსთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.