პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა EUMM-ის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2020 წლამდე გახანგრძლივებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას და აღნიშნული ფორმატების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესულ პირთა მიმართ საერთაშორისო მასშტაბით ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.