მამუკა ბახტაძე - ეკონომიკაში ლარის დევალვაციის არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის
ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება არის საკმაოდ შინაარსიანი და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას. შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან შეიძლება, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რომ ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში ვიყოთ ძალიან წარმატებული. იცით, რომ ამ თვალსაზრისით, როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ასევე ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული. ყველაფერი იმ ჩარჩოებშია, რომელიც შეთანხმებულია და მეორე – ჩვენი დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარის ზრდა ეკონომიკაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დოლარიზაციის მაღალი დონეა და ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ ეს გვერგო მემკვიდრეობით, რომ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია არის გაზრდილი 10%-ზე მეტით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და შესაბამისად, მოწყვლადობა და რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს ერთხელ და საბოლოოდ დაბალანსებული. ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო აგრესიულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ რეკომენდაციები და პოზიციები საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების, რომლებიც უყურებენ ამ პროცესს. ვფიქრობ, მათ განმარტებებში იქნება ძალიან ბევრი ობიექტური ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კითხვაზე, რას აკეთებს მთავრობა ლარის კურსის გასამყარებლად, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომელიც გულისხმობს საქართველოში დოლარიზაციის შემცირებას.
„ტაბლოს თითოეული ჩვენთაგანი უყურებს, რადგან ქვეყანაში არის დოლარიზაციის მაღალი დონე. მათ შორის ეს იყო განპირობებული სრულიად უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია. ვერც ერთ წარმატებული ეკონომიკის ქვეყანას ვერ ნახავთ მსოფლიოში, სადაც სხვა ქვეყნის ვალუტას ასეთი დომინანტი პოზიცია აქვს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში მეტი ლარიზაცია, ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების გაძლიერება, რომელიც კურსზე პირდაპირ აისახება. აღნიშნული ფაქტორებია: ექსპორტი, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს მყარი ვალუტა, დაახლოებით 30%-ით არის ექსპორტის ზრდა, ამავე დროს იმ სერვისების ზრდა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში დამატებითი შემოსავლის მიღებას და იცით, ტურიზმში და ფინანსურ სექტორში როგორი ზრდა გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, სწორედ ამ არგუმენტებს ეყრდნობოდა ეროვნული ბანკის განმარტება, რომ დღეს არსებული რეალობა და ეს კურსი არ ასახავს იმ მაკროეკონომიკურ ობიექტურ გარემოებას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.