მამუკა ბახტაძე - ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს
ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა.
„თქვენო უწმინდესობავ, დიდი მოწიწებით მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დიდი მოწიწებით მსურს, გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, იმისთის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა, პირველადი სახე დაიბრუნა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ჩვენს ისტორიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობის პერიოდი. ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე, თქვენი პირადი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენ ქადაგებაზე, შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. მე კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი ამისთვის და გისურვოთ მრავალჟამიერი ქართველი ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.