მამუკა ბახტაძე - ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია
ყველა რეფორმა, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთს – უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხანგრძლივი დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამართლიანი სასამართლოს, მართლმსაჯულების ეფექტური სისტემის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობით უნდა დასრულდეს უსაფრთხო და დაცული სახელმწიფოს შექმნის პროცესი, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცულია საერთაშორისო და ევროპული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კანონშემოქმედებით პროცესში. მთავრობა განახორციელებს ქმედით და ეფექტიან შრომის ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს მანდატის გაძლიერებას და მის ეფექტურ რელსებზე გადაყვანას. გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლებების რეალიზებისთვის ადამიანების ნებისმიერი ჯგუფის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების დონეზე, მათ შორის გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
„გაგრძელდება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლისთვის საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება. ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში და რეფორმების მიმდინარე ეტაპზე გაგრძელდება აღნიშნული სისტემის ეფექტურობის გაზრდის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება. ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებისკენ. ჩვენი პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის და კერძო სექტორის ნდობის ამაღლება ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.