მამუკა ბახტაძე - ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დროულად დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.
„აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ავიარეისები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.