მამუკა ბახტაძე - დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა
მამუკა ბახტაძე - დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონდებლო და აღმასრულებელ დონეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„2019 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნული მხარდაჭერისთვის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა მართლაც სტრატეგიული ხასიათისაა.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.