მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში საბაჟო ინფრასტრუქტურას გაეცნო

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი იმყოფებოდა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში, სადაც დეტალურად გაეცნო, რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ბათუმის სერვის-ცენტრსა და ფოთის გეზში მამუკა ბახტაძე გაეცნო იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისათვის და მოქალაქეებისათვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც მნიშვნელოვნად შეუმცირებს ბიზნესს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.