მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც შევძლებთ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას
თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმისა და ერთგულების, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც „ქართულმა ოცნება“ დღეს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას წარადგენს.
მისი თქმით, რამდენიმე კილომეტრში ყველაზე დიდი ტკივილი, ულამაზესი აფხაზეთი იწყება.
„რამდენიმე კილომეტრში ამ ადგილიდან იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ულამაზესი აფხაზეთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებითა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის წარმოჩინებით ჩვენ შევძლებთ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს, მწამს თქვენთან ერთად“, – მიმართა შეკრებილებს პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, დაპირებისამებრ ზუგდიდის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 50 მლნ ლარი.
„ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ახალი ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.