მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურიც ჩაივლის მშვიდობიანად, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავისუფალი არჩევნები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო შუალედურ არჩევნებს, რომელიც რამდენიმე ოლქში ჩატარდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში. მას ესწრებოდნენ სადამკვირვებლო მისიები, იცით მათი შეფასებები. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თავისუფალი არჩევნები არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა.
„რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს, არის გამოვლინება დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური, მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ თავიანთ გადაწყვეტილებას და არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი ამ პროცესში, მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს, რომლებმაც პრემიერის შეფასებით, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი აჩვენეს.