მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის გამარჯვების კიდევ ერთი დღე
დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის გამარჯვების კიდევ ერთი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.
„მინდა, ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, ჩემი ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში მუშაობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ყველას, თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით ზეპირ განცხადებასთან ერთად, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და კონკრეტული დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს საშუალება, განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები.