მამუკა ბახტაძე დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას გაეცნონ
მამუკა ბახტაძე დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას გაეცნონ

ველით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშიც პოზიტიური იქნება და მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები, რაც საშუალო ვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და რაც მთავარია, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, სადაც მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორში ზრდა იქნება,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად დაამტკიცა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი, რომელიც  საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

პრემიერმა ყველა დაინტერსებულ პირს მოუწოდა, დასკვნას გაეცნონ.

„მინდა ყველა დაინტერესებულ პირს  მოვუწოდო, რომ გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ არის ნათლად ასახული გამოწვევები, რაც დგას დღეს ჩვენი ეკონიმიკის წინაშე, ამავე დროს, ნათლადაა ასახული, რომ რეფორმები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის სრულ თანხვედრაში  გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ  ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები, მნიშვნელოვანი პროგრესია დაფიქსირებული სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

პრემიერის თქმით, ამავე დროს, ფონდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ დაანონსებულ სტრუქტურულ რეფორმებს.