მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება
ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თოთოეულ მოქალაქეს, როდესაც დოვლათი ნაწილდება ყველა მოქალაქეზე თანაბრად, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხების კომენტირებისას.
მისი განცხადებით, ყველა რეფორმა, რომელიც ხორციელდება და იგეგმება მომავალში, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სწორედ ამ მიზანზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც უკვე დაანონსებულია და რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„რეფორმების რამდენიმე პაკეტი უკვე იხილება საქართველოს პარლამენტში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ. შედგა საუბარი გაერო-ს ეგიდით მომზადებულ კვლევაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გატარებულ რეფორმებს აქვს კონკრეტული შედეგი. ამ კვლევიდან ჩანს, რომ გაზრდილია ე.წ. განკარგვადი შემოსავალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმ რეფორმების ფონზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომლებსაც მომავალში განვახორციელებთ,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მან კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი განათლების სექტორში რეფორმების აუცილებლობას და განაცხდა, რომ ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არც ერთი ეკონომიკური რეფორმა არ მოგვცემს შედეგებს განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ეს არის ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრება და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ მომზადებული გვაქვს ძალიან სოლიდური, მრავალმხრივი რეფორმა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განათლების სექტორის რეფორმა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.