მამუკა ბახტაძე - ჩვენს მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავლის 70-80% -ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია
მამუკა ბახტაძე - ჩვენს მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავლის 70-80% -ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებაზე.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ადამიანმა, რომელიც სესხს იღებს, აუცილებელია,  წინასწარ იცოდეს,  მაქსიმუმ მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში რა შეიძლება იყოს.

„მინდა, განვმარტო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რას ნიშნავს. ხშირად იყო შემთხვევები და უნდა ვაღიაროთ, რომ ამას მასობრივი  ხასიათი ჰქონდა,  ადამიანები სესხს იღებდნენ, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ მათ ჰქონდათ ისეთი ხარჯები, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, ჯარიმები და საურავები, რომელიც პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ზოგჯერ ახუთმაგებდა კიდეც. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, რომ ჩვენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე გადავიდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს,  მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს, მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში. დიახ, ჭერი აუცილებლად უნდა დაწესდეს და ის 100%-იანი ზღვარი აუცილებლად უნდა შემცირდეს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდანაა ამოქმედებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პირველ იანვრამდე რეგულაცია არ იყო და საპროცენტო ხარჯი ხშირ შემთხვევაში 300-400%-ზე ადიოდა.

„სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაა, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე ზედა ზღვარის განახევრება შეგვიძლია და შემდეგ უკვე საბაზო კონიუნქტურა გვიკარნახებს, თუ რა დამატებითი ღონისძიების გაკეთება შეგვიძლია. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ბახტაძემ.