მამუკა ბახტაძე - ჩვენი შემოთავაზებული რეფორმა ნიშნავს, რომ გლეხი შეძლებს, უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებობს ასიმეტრიული რეგულაციები, რომლებიც ხელს არ უწყობს სფეროს განვითარებას.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„ჩვენი შემოთავაზებაა, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს არამარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალური რძისგან დამზადებული ყველა პროდუქტი“, – დასძინა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ასეთი რეფორმები განაპირობებს, რომ გლეხს მეტი შემოსავალი მიეცეს.
„გუშინ მე წავიკითხე რამდენიმე ე.წ. ექსპერტის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ბევრმა ეს არ ჩათვალა საინტერესო რეფორმად. სწორედ ასეთი რეფორმები განაპირობებს იმას, რომ ჩვენს გლეხს მივცეთ მეტი შემოსავალი. ეს რეფორმა სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ გლეხი შეძლებს უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები შეძლებენ, გადავიდნენ ნატურალურ რძეზე, ნაცვლად დღეს არსებული რძის ფხვნილისა, რომლის 100 პროცენტი არის იმპორტირებული. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა მიიღებს ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც გუშინ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში – „თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“ არის აღნიშნული, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი დამატებული ღირებულების გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდება, ჩათვლის უფლებით.